„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მთავრობასთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 2019 წლის ბოლომდე უნდა წარმოედგინა გაფორმებული ხელშეკრულებები – საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფისა და პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე, ასევე უნდა წარმოედგინა ხელმოწერილი ხელშეკრულებები პორტის ოპერატორთან და მშენებელ კომპანიებთან. სამწუხაროდ, მრავალგზის გადავადების მიუხედავად, ეს ვადაც უშედეგოდ ამოიწურა და კონსორციუმმა ვერ შეასრულა ინტერესთა გამოხატვის შედეგად მთავრობასთან საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრო აცხადებს, რომ უახლოეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ მოცემულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, პროექტისთვის დაფინანსების მოძიებისთვის უკანასკნელი ვადა 2019 წლის 31 დეკემბერი იყო.