ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა სტაბილურია, მას ქირურგიული ჩარევა აღარ ესაჭიროება

ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ განაცხადა, რომ ოპერაციები, რომლებიც გამსახურდიას საქართველოში ჩაუტარდა თურქეთში, ამერიკულ კლინიკაში, დადებითად შეფასდა, ახლა კი მისი მკურნალობა მიმდინარეობს.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მეც მივდივარ ახლა თურქეთში. გამოკვლევები და მკურნალობა უტარდება, არანაირი ოპერაცია საჭირო არ არის. ოპერაციები, რომელიც საქართველოში ჩატარდა, ძალიან კარგად შეაფასეს, არც მკურნალობაზე არ ყოფილა რაიმე პრეტენზიები გამოთქმული. მკურნალობას განაგრძობენ, იმედი არის, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ყველაფერი კარგად იქნება“, – თქვა ანა ჯაბაურმა.

რაც შეეხება გამოძიება, ჯაბაური ამბობს, რომ ეჭვმიტანილთაგან ერთ-ერთი გაათავისუფლეს, თუმცა იმედი აქვს მასზე სამხილებს იპოვიან.

„4 პირია დაკავებული, ერთი ცოტნეს მეგობარია, რომელიც ცოტნეს დაეხმარა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენი სამი დაკავებულია თავდასხმისთვის – აქედან ორი მკვლელობის მცდელობისთვის დამამძიმებელ გარემოებებში. ერთი შეუტყობინებლობისთვის და ერთი, რომელზეც სამხილები არ ჰქონდათ საკმარისი გაუშვეს, ერთ-ერთი დამნაშავის ძმა. ვფიქრობ, რომ მასზეც გამოვლინდება სამხილები, რადგან ისიც არ იყო იქ გულხელდაკრეფილი. გამოძიებას ჯერჯერობით ვენდობი, რადგან ეს პირები ოპერატიულად აიყვანეს“, – ამბობს ჯაბაური.