ქართული ახალი წლის ისტორია

ახალ წელს საქართველოში სხვადასხვა ეპოქაში წელიწადის სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ.

შემორჩენილი ცნობების მიხედვით IV საუკუნიდან VII საუკუნემდე ახალ წელს აგვისტოს თვეში (6 აგვისტო) ზეიმობდნენ. მე-7 საუკუნიდან მე-9 საუკუნემდე კი ამ დღის აღნიშვნა სექტემბერში ხდებოდა. მე-9 საუკუნიდან მე-14 საუკუნის შუალედში კი ახალი წელი მარტის თვეში იყო. ხოლო  XIV საუკუნიდან კი ახალი წლის აღნიშვნა იანვრის თვეში დაიწყო.

ახალი წლის რიტუალები კი საუკუნეების მანძილზე  სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი საერთო იყო – მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვედროდნენ, რომ ახალ წელიწადს თითოეული ოჯახისთვის ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოეტანა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ახალ წელს ხშირად “ბასილის დღეს” უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. შესაბამისად საახალწლოდ ადამიანის ფორმის პური ე.წ. “ბასილას კვერები” ცხვებოდა.