გახარია – საყოველთაო ჯანდაცვის წარმატება იმდენად მნიშვნელოვანი მიღწევაა, რა ნაბიჯების გადადგმაც არ უნდა მოგვიწიოს მისი შენარჩუნების მიზნით

საყოველთაო ჯანდაცვის წარმატებით განვითარებაში ჩვენ პარტნიორები და მოკავშირეები ვართ; ვერავის ავუხსნით პაციენტის გარდა თქვენზე უკეთ, რა წარმატება და პლუსები მოიტანა საყოველთაო ჯანდაცვამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მასშტაბით არსებული კლინიკების 100-მდე ხელმძღვანელი ესწრება, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღწევებსა და გამოწვევებს.

„საყოველთაო ჯანდაცვამ საქართველოს მოქალაქეს მისცა შესაძლებლობა, პირველ რიგში სოციალურად დაუცველებს, გარდა იმისა, რომ ეზრუნათ ჯანმრთელობაზე, უბრალოდ სიცოცხლე გადაერჩინათ. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური სოციალური ვალდებულება, რაც სახელმწიფოს უნდა შეესრულებინა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყველაფერი რეალობა გახდა 2012 წლის შემდგომ. ბოლო წლების განმავლობაში, იმ მიღწევების გარდა რომელიც ერთმნიშვნელოვნად პაციენტმა მიიღო, რა თქმა უნდა დარგმაც მიიღო თავისი პრეფერენციები. დარგი გაძლიერდა ინფრასტრუქტურულად, ტექნოლოგიურად, ცოდნით და კიდევ ბევრი, ახალი და წარმატებული ინიციატივები და წამოწყებები შემოვიდა დარგში. საყოველთაო ჯანდაცვის წარმატება იმდენად მნიშვნელოვანი წარმატებაა – არც მთავრობის არც – თქვენი, არამედ თითოეული მოქალაქის და ამ ქვეყნის, რომ მისი შენარჩუნების მიზნით რა ნაბიჯების გადადგმაც არ უნდა მოგვიწიოს, უნდა გადავდგათ. თუმცა, ეს ყველაფერი უნდა იყოს პრაგმატული, გათვლილი და საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდეს საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. შესაბამისად ჩვენ კარგად გვესმის, რომ აქ გარკვეული ღია და გულწრფელი საუბარი მოგვიწევს. მაგალითად იმაზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ანომალიური 800 ათასი ნოზოლოგია გაჩნდა. მაგალითად იმაზე, რომ საქართველოში ანომალიურად მაღალი პროცენტია გადაუდებელი მკურნალობის, და თითქმის 85%-ს აღემატება; მაგალითად იმაზე, რომ მაშინ, როდესაც სახელმწიფო მიზნად ისახავდა მოქალაქის დახმარებას დღეს სამწუხაროდ ჯიბიდან გადასახდელი არის იმდენად მაღალი, რომ მოქალაქე ვერც გრძნობს ეს საყოველთაო ჯანდაცვა ხშირ შემთხვევაში საერთოდ ვის ეხება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.