2020 წელს სკოლებში ვიდეო კამერები დამონტაჟდება

2020 წლისთვის თბილისის და რამდენიმე ქალაქის სკოლებში ვიდეო კამერები დამონტაჟდება. ამ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს.
„2020 წელს გვაქვს დაგეგმილი სკოლების კამერებით აღჭურვა და რა თქმა უნდა, ეტაპობრივად მოვიცავთ ყველა სკოლას. ამ ეტაპზე ჩვენ დავგეგმეთ, რომ პირველ რიგში მოვიცვათ თბილისის და დიდი ქალაქების სკოლები და მერე გადავალთ სხვა დანარჩენ სკოლებზე. ზუსტ თანხას ვერ გეტყვით, რა შეიძლება გამოვყოთ კამერების შესასყიდად. გეგმა არის ის, რომ 2020 წელს დავიწყებთ დედაქალაქის და დიდი ქალაქების აღჭურვას.
რაც შეეხება დეტექტორებს, ამაზე ჯერ საუბარი არ გვქონია ყველა სკოლა აღიჭურვება თუ არა. ყოველ შემთხვევაში განიხილება სხვადასხვა ვარიანტები და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწოდებთ“, – აცხადებს ეკატერინე დგებუაძე.
ასევე, იგეგმება მანდატურის სამსახურის გაძლიერება, ხოლო კეძო სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები გადაამზადონ.
„მანდატურის სამსახური კერძო სკოლებში არ შევა. ვგეგმავთ, უზრუნველვყოთ 223 კერძო სკოლაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება. ძალიან ძნელია ვთქვა, რომ ეს ერთ ან ორ თვეში მოხდება. მაგრამ 2020 წელს დავიწყებთ ამ ადამიანებისთვის გადამზადების პროცესს და ვეცდებით, წლის ბოლომდე მოვიცვათ ყველა კერძო სკოლა. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლი პირი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება განსაზღვროს თვითონ სკოლის ადმინისტრაციამ, შეიძლება ეს იყოს პედაგოგი ან დირექტორის მოადგილე“, – თქვა დგებუაძემ.