მომავალ წელს საქართველოს ნატურალური ნაძვის ხე ექნება – კახა კალაძე

კახა კალაძემ რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, რომ ყველანი, 13 იანვირის ჩათვლით, შეძლებენ მივიდნენ საახალწლო სოფელში და იხილონ იგი. ამასთანავე მან თქვა, რომ მომავალი წლიდან საქართველოს ნატურალური ნაძვის ხე ექნება.
“ნაძვის ხე ძალიან ლამაზია. მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო ამ ღონისძიების მომზადებაში. მადლობა ყველა აქ მოსულ ადამიანს. მადლობა მათაც, ვისაც გულით უნდოდა აქ მოსვლა და ვერ მოახერხა. დღეიდან, 25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, ყოველდღე იქნება შესაძლებელი მობრძანდეთ საახალწლო სოფელში, სადაც დღის 12:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე, გელოდებათ სხვადასხვა კონცერტები, წარმოდგენები, მულტფილმის გმირები. პირველი რესპუბლიკის მოედანი და ორბელიანის მოედანი, ორი ლოკაცია იქნება ქალაქში, სადაც საახალწლო დღეებში, 25 დეკემბრიდან 13 იანვრამდე, იქნება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, სადაც თქვენი შვილებით და შვილიშვილებით შეგეძლებათ, მობრძანდეთ და გაერთოთ”, – თქვა კალაძემ.
მან ასევე ხუმრობით უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ნამდვილად ღირდა თუ არა ეს ნაძვი მილიონი და ჩამოიტანა თუ არა ის მილანიდან – “ეჭვი გეპარებათ მაგაში?!” – უპასუხა კალაძემ.
“ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მსგავსება ყოფილიყო ნატურალურ ნაძვის ხესთან. წლების განმავლობაში ნაძვის ხე სამკუთხედი ხუფის სახით გვქონდა. ზოგადად, ტრენდია მსოფლიოში, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან. მომავალი წლისთვის, ვეცდებით, ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან”, – თქვა თბილისის მერმა.