კახა კალაძე მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რეკონსტრუქციით უკმაყოფილოა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ზაარბრიუკენის და მშრალ ხიდებზე სამუშაოების შესრულებით უკმაყოფილოა. მან მოდგილეს მიმართა, რომ დაკავშირებოდა კომპანიას და გზის ხელახალი საფარი დაეგოთ.

„მინდა, შევეხო მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აქ რამდენიმე დღის წინ დამთავრდა გზის მოწყობითი სამუშაოები. დღეს ისეთი დღეა, არ მინდა ჩხუბი და ამ თემაზე კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილება, მაგრამ გულზე შემოგეყრებათ ისეა სამუშაოები შესრულებული, განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში. ამიტომ მშვიდად, ყოველგვარი აღელვების გარეშე, დაიბარეთ კომპანია დღესვე და საგზაო სამუშაოები განახორციელოს თავიდან. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი პროექტის მიღება-ჩაბარება. ჩვენი ლაბორატორიის თანამშრომლებმაც აღნიშნეს, რომ ძალიან უხარისხოდაა ყველაფერი გაკეთებული. მინდა, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ დღესვე დაიბარეთ კომპანია და თავისივე ხარჯებით გამოასწორებინეთ ყველაფერი. ააფრეზინეთ ის, რაც დააგეს და თავიდან გააკეთონ ნორმალური საფარი. დაექვემდებარონ იმ სტანდარტებს და მოთხოვნებს, რომელიც დედაქალაქის მერიის მხრიდან არის,“ – თქვა მერმა.