„ჩვენ ბოლომდე უნდა შევდგეთ, როგორც სახელმწიფო“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში განაცხადა, რომ „ჩვენ ბოლომდე უნდა შევდგეთ, როგორც სახელმწიფო და ეს მოითხოვს, ჩვენი საზღვრები იყოს ჯერ გარკვეული, შემდგომ დაცული”.

მან განაცხადა, რომ მისი ყველა მქომედება შეთანხმებულია ამ საკითხთან დაკავშირებით.
„ყველა მოქმედება საგარეო კუთხით არის შეთანხმებული, კონსტიტუცია ამას მოითხოვს და არის სრულიად შეთანხმებული. პრეზიდენტი არის პასუხისმგებელი უშუალოდ ტერიტორიის მთლიანობაზე და მათ შორის, საზღვრებზე. ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვინდა, ხან ნატო-ში შესვლა, ხან ევროკავშირში, ეს ყველაფერი, ყველა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც გვიწერია კონსტიტუციაში, დამოკიდებული არის იმაზე, რომ ჩვენ სახელმწიფოს ჰქონდეს თავისი აღიარებული საზღვრები“, – თქვა პრეზიდენტმა.

მან ასევე ისაუბრა აზერბაიჯანთან და სომხეთთან შეუთანხმებელ სასაზღვრო ტერიტორიებზე. კომისიები მუშაობდნენ ამ პრობლემასთან დაკავშირებით, მივიდნენ კონკრეტულ ეტაპამდე, თუმცა შემდეგ პროცესი შეჩერდა.

„გაუგებარი არის, მეგობარ ქვეყნებს შორის რატომ არ უნდა დავასრულოთ ეს პროცესი და ზუსტად ასე იყო ორივე ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ოფიციალურად გაცემული თანხმობა იმაზე, რომ საჭიროა და ჩვენმა კომისიებმა დაიწყონ ამ მიმართულებით მუშაობა, რაც ფაქტობრივად, ახლა ხდება და რაც აუცილებელი არის“, – თქვა ზურაბიშვილმა.
მან, დასძინა, რომ ის მჭიდრო კომუნიკაციაშია კომისიის წევრებთან.

„სრულად ინფორმირებული ვარ ყველა ეტაპზე. ეს არის კომისიის საკითხი. როცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, არ არის საჭირო, რომ ეს იყოს საჯარო სივრცეში გამოტანილი, რადგან მოლაპარაკებები არის სენსიტიური, ყველას აქვს თავისი არგუმენტები და სანამ არ არის ამ მოლაპარაკებების შედეგი მიღწეული, აუცილებელია, რომ ეს იყოს დაცული, არანაირად გარედან არ უნდა იყოს ჩარევა და ზეწოლა, რომელიც ამას კიდევ ერთხელ გაართულებს“, – განაცხადა საქართველოს პირველმა პირმა.

პრეზიდენტმა, თქვა, რომ პროცესების შედეგის სახით ელოდება შეთანხმებულ საზღვარს.

„მოლაპარაკებების შედეგი რაც იქნება, იქნება ის საზღვარი, რომელზედაც შევთანხმდებით. მე ვერ გეტყვით ახლა და არ იქნება კიდევ ერთხელ სწორი, რომ ვთქვა, აქ უნდა გაიაროს თუ იქ უნდა გაიაროს, მაგრამ ის, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის და მომავლისთვის ეს არის აუცილებელი ეტაპი, ამაში ორი აზრი არ არის. ჩვენ უნდა შევდგეთ, როგორც სახელმწიფო ბოლომდე და ეს მოითხოვს, რომ ჩვენი საზღვრები იყოს ჯერ გარკვეული, შემდგომ დაცული. პირიქით ვერ იქნება. ჯერ დაცული და შემდგომ გარკვეული, ძალიან ბევრ უსიამოვნებას მოიტანს“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.