15 წლის გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ძმა, განცხადებას აკეთებს

გარდაცლილი 15 წლის ლუკა სირაძის ძმამ, ბექა სირაძემ, დღევანდელ პრესკომფერენციაზე თქვა, რომ მისი ძმის დაკითხვა თავდაპირველადე აგრესიული ფონის ქვეშ მიმდინარეობდა.
„დაახლოებით, 4 საათი გრძელდებოდა ეს დაკითხვა და რომ ვერ უმტკიცებდნენ და თვითონ ლუკაც არ აღიარებდა, როგორც ვიცი, დაიძაბნენ. ჩემი ძმაც უკვე საკმაოდ ხმამაღალი ტონი პასუხობდა და ისიც მუქარას აგრძელდება. ამ დროს სცადა დედამ ჩემი ძმის დამშვიდება და ამ პერიოდში, როგორც ვიცი, იქ მჯდომი კიდევ ერთ-ერთი პოლიციელი ადგა და ჩემი ძმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, დედის თვალწინ აყენებდა შეურაცხყოფას. 2-3 წუთის შემდეგ, კაბინეტიდან მესამე პიროვნება გამოვიდა და ჩემს ძმას უთხრა, რომ მასთან შესულიყო. როდესაც გამოვიდა ჩემი ძმა იმ კაბინეტიდან ტიროდა, ითხოვა სასწრაფო დახმარება, თუმცა ამაზე გამომძიებელმა განუცხადა, რომ როცა ის ჩათვლიდა საჭიროდ, მაშინ გამოიძახებდა სასწრაფო დახმარებას. ოთახიდან გამოსვლიდან რაღაც პერიოდის შემდეგ, დაიწყო ამ ყველაფრის აღიარება. დედამ, რომ კითხა თუ რა მოხდა იმ კაბინეტში, უპასუხა რომ მას ე.წ. კაპეზეთი ემუქრებოდნენ“, – აცხადებს ბექა სირაძე.

მან ასევე დასძინა, რომ სკოლა მის მშობლებს არ დაკავშირებია, ისინი პირდაპირ პოლიციაში დაიბარეს.

„ეუბნებოდნენ, რომ ლუკა ჩანდა კამერებში. დედამ ითხოვა, რომ კამერების ჩანაწერებს ნახავდა და თუ თავის შვილს ამოიცნობდა, ზარალის ანაზღაურებაზე პრობლემა არ იქნებოდა, თუმცა დედას უთხრეს, რომ ამის ჩვენების უფლება არ ჰქონდათ. შემდეგ ისევ გაგრძელდა ყვირილი, მუქარა. ეუბნებოდნენ, რომ აღიარე, თორემ შენს ძმას სასწავლებელში პრობლემებს შევუქმნითო. ემუქრებოდნენ: „დაგიჭერთ, შენნაირი აქ ათასი მოსულა, ჩაგაყუდებთ“ და მსგავს რაღაცებს ეუბნებოდნენ. პირველ რიგში, მუქარას იწყებდა მარიანა ჩოლოიანი, რომელიც უშუალოდ იყო ჩემი ძმის საქმით დაკავებული. ის იყო პირველი, რომელიც ჩემს ძმას ემუქრებოდა იმით, რომ მე შემექმნებოდა სასწავლებელში პრობლემები, ანუ დაკითხა როგორც კრიმინალი“, – აცხადებს გარდაცვლილი მოზარდის ძმა.

ლუკა სირაძე განყოფილებაში მშობლების გარეშე მხოლოდ 15-20 წუთის განმავლობაში იყო.
„როგორც ვიცი, დედას დაახლოებით 15-20 წუთი პოლიციის თანამშრომელთან ერთად სახლში წასვლა მოუწია. თუ არ ვცდები, ლუკას მასწავლებლის ნომერი უნდოდათ რაღაცის დასადგენად. შესაბამისად, ეს პერიოდი ჩემი ძმა მარტო იმყოფებოდა.

იმ დღეს რატომღაც არ მოხდა ამ ჩვენების დასრულება და გადაიდო მეორე დღისთვის. მეორე დღეს, თავიდან, როგორც ვიცი, თითქოს ისევ აპირებდა ეღიარებინა, რომ ის იყო, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი უარყო. ყვირილი, ჩხუბი გაგრძელდა, თუმცა ამის შემდეგ გამოუშვეს სახლში, ანუ რეალურად ვერ დაუმტკიცეს, ის იყო თუ არ იყო.

როდესაც ლუკა გაიქცა სახლიდან, დედაჩემმა, პირველ რიგში, დაურეკა მარიანა ჩოლოიანს და სთხოვა მოეძებნა მისი შვილი და დახმარებოდა. ამაზე მიიღო უარი. მან უთხრა, რომ შენი მეორე შვილი ჩამოვიდეს გორიდან და იმან მოგიძებნოსო“, – დასძინა ბექა სირაძემ.