ამ განცხადებაში პოლიტიკურ პროკურატურასა და პოლიტიკურ სასამართლოზე საუბარი არ არის – ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე

ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ეს განცხადება სხვადასხვაგვარად გაიგეს, რეალურად კი ამ განცხადებაში პოლიტიკურ პროკურატურასა და პოლიტიკურ სასამართლოზე საუბარი არ არის.

„არამარტო სხვადასხვანაირად გაიგეს, არამედ სხვადასხვანაირად თარგმნეს კიდეც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რაც აშკარა მიკერძოებაზე მიანიშნებს. ეს განცხადება მარტივად ითარგმნება და მარტივად განიმარტება. პოლიტიკურ პროკურატურასა და პოლიტიკურ სასამართლოზე აქ არ არის საუბარი. აშშ საქართველოს მოუწოდებს, რომ გააძლიეროს ძალისხმევა, რათა პროკურატურა და სასამართლო მიკერძოებული არ იყოს. არც იმაზეა საუბარი, რომ დღესაა მიკერძოებული რომელიმე მათგანი და არც რაიმე დაჟინებულ მოთხოვნაზე.

ვისაც ამ განცხადების კითხვა შეუძლია, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს განცხადება, რეალურად, მხარდამჭერი განცხადებაა. რაც შეეხება სასამართლოს და პროკურატურის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებას, ამაზე ჩვენ მთელი ეს პერიოდია ვსაუბრობთ და ამისთვის განხორციელდა მათ შორის, სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღა. მოწოდება, რომ სასამართლოს და პროკურატურის შემდგომი დამოუკიდებლობისთვის ძალისხმევა გაძლიერდეს, კრიტიკა არ არის,“ – თქვა კობახიძემ.