საქართველოში „ტროლების’’ მხრივ მდგომარეობა ძალიან მძიმეა – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში „ტროლების’’ მხრივ მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

„პირველ რიგში ყველას მოვუწოდებ, რომ თავიანთ ტროლებს მიხედონ. საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს ტროლების კუთხით, ამაზე ვსაუბრობდით გასული თვეების განმავლობაში. გახსოვთ იგივე, როცა საუბარი იყო საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე, იქაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც დაისვა, იყო სწორედ დეზინფორმაციის აღკვეთა და აქეთკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა.

მაშინ კონკრეტულმა სუბიექტებმა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ძალიან სერიოზული კრიტიკა გამოთქვეს ამასთან დაკავშირებით, პირდაპირ უპირისპირდებოდნენ რაიმე ტიპის შეზღუდვის დაწესებას „ფეისბუქთან“ დაკავშირებით, თუ ასეთი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. დღეს იგივე ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამას სჭირდება ზღვრის დაწესება. ხედავთ, რომ აქ არის ორმაგი სტანდარტი“ ,- თქვა კობახიძემ.

მან ასევე ისაუბრა ინიცირებულ კანონპროექტთა პაკეტზე, რომელიც სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრას უკავშირდება.

„ძალიან კარგია ეს ყველაფერი, ჩვენ გვაქვს ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ეხება სწორედ დეზინფორმაციის თავიდან აცილებას. ამაზე მსჯელობა გაგრძელდება. არის კანონპროექტი ინიცირებული სხვადასხვა სივრცეზე, მარტო „ფეისბუქი“ ხომ არ არის პრობლემა, პრობლემა არის თუნდაც სატელევიზიო სივრცე და ნებისმიერი სხვა სივრცე, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვრცელდება დეზინფორმაცია და მოედინება აგრესია“ ,- თქვა მმართველი გუნდის წევრმა.