ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ყველა დიპლომატიურ მისიას მიმართავს

ოკუპანტი რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ყველა დიპლომატიურ მისიას მიმართავს.

მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოში მოქმედ ყველა დიპლომატიურ მისიას,უპირველეს ყოვლისა, გვინდა, დიდი და გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმ საოცარი მხარდაჭერისთვის, რაც 9 ნოემბრიდან, ვაჟა ექიმის დაპატიმრების დღიდან გამოხატეთ ამ პრობლემის გადასაჭრელად.
მიუხედავად, არაერთი მცდელობისა, 20 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ გამოიტანეს გამაოგნებელი და ჩვენი ოჯახისთვის გამანადგურებელი განაჩენი – წელიწადი და ცხრა თვე ექიმმა ციხეში უნდა გაატაროს!შესაბამისად, ეს განაჩენი შემაძრწუნებელია არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის, სახელმწიფოსთვის, მომლოდინე პაციენტებისთვის, თითოეული მოქალაქისთვის მსოფლიოში, ვისთვისაც ადამიანის უფლებები უმთავრესი ღირებულებაა!

ვიცით, რომ ამ განცდას ერთნაირად ვატარებთ და არ უნდა მოვდუნდეთ. ახლა მოქმედების დროა! გვინდა, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი! ჯანმრთელობა და ბედნიერება გისურვოთ თავისუფალ გარემოში! გისურვოთ ის, რაც ახლა აკლია ვაჟა ექიმს – უკანონო პატიმარს, რომელიც შეიძლება ამ დღესასწაულებს ოჯახისგან მოწყვეტით, ცივ საკანში შეხვდეს! იმედი გვაქვს, რომ მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა, თქვენი ძალისხმევა ძველებურად დიდი და შედეგის მომტანი იქნება! პატივისცემით, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი”,- ნათქვამია მიმართვაში.