საქართველოში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩამოვა

გიორგი ჯანჯღავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი თურქეთში, აცხადებს, რომ „სავარაუდოდ, მაისის თვეში პრეზიდენტი ერდოღანი ეწვევა საქართველოს“.
„ანკარაში რამდენიმე კვირის წინ გაიმართა ჩვენი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ვიზიტი, რასაც მოჰყვა ეკოკომისია, რომელიც 14 წლის პაუზის შემდეგ პირველად შედგა. ამ ვიზიტს მოჰყვა მისი ხელმეორე ვიზიტი ტანაპის თურქული მონაკვეთის გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვილაპარაკეთ თურქულ მხარესთან, რომ სავარაუდოდ, თებერვლის თვეში იქნება სტრატეგიული კომისიის სხდომა ანკარაში დანიშნული, ხოლო ამის შემდეგ, სავარაუდოდ, მაისის თვეში პრეზიდენტი ერდოღანი ეწვევა საქართველოს“, – თქვა მან.
ჯანჯღავა კითხვას, არის თუ არა საუბარი ახალ პროექტებზე, პასუხობს:

„რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია ვაჭრობის გაზრდა სამ მილიარდ დოლარამდე, ქართული ექსპორტის გაზრდაც ამასთან ერთად“.

მან ასევე დასძინა, რომ მოსალოდნელია თანამშრომლობის ახალი ფორმები და პროექტები.

“რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, იცით, თურქეთი არა მარტო ჩვენი კეთილი მეზობელია, არამედ სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყოველმხრივ უჭერს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარს”.