„ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა, სადაც ბევრი შეთავაზება დაიდო მოლაპარაკების მაგიდაზე.” – საქართველოში გერმანიის ელჩი

საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომ „ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა, სადაც ბევრი შეთავაზება დაიდო მოლაპარაკების მაგიდაზე.”

ასევე აღნიშნა, რომ 2020 წელი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის.

„ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა, სადაც ბევრი შეთავაზება დაიდო მოლაპარაკების მაგიდაზე. იმედი მაქვს, როდესაც პოლიტიკური პარტიები იანვარში შეხვედრას კვლავ გამართავენ, დაიწყება რეალური მოლაპარაკება სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით არსებულ შეთავაზებებზე. ეს არის ტესტი ყველა იმ პიროვნებისთვის, ვინც საქართველოში პოლიტიკოსია, რადგან საარჩევნო კანონის მიღება მათი პასუხისმგებლობა იქნება“, – აცხადებს გერმანიის ელჩი.

მან ასევე თქვა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე არაერთი შეთავაზება იყო, თუმცა არცერთ მხარეს მეორის შეთავაზება არ მოეწონა.

„დღეს მოლაპარაკებებზე ოპოზიციამ და „ქართულმა ოცნებამ“ წამოაყენეს შეთავაზებები. თუმცა მხარეებს ერთმანეთის შეთავაზებები არ მოეწონათ. ეს ბუნებრივია მოლაპარაკებების დასაწყისში და როგორც ვთქვი, ვიმედოვნებ, რომ იანვარში ორ მხარეს შორის რეალური პროცესი დაიწყება იმ შეთავაზებებთან დაკავშირებით, რომლებიც განიხილება. ჩვენ გვაქვს ბევრი ელემენტი, ზოგი ეხება უშუალოდ 2020 წლის არჩევნებს, ზოგი უფრო გრძელვადიანია, ზოგიც მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ზოგი ეხება მაჟორიტარულ ოლქებს. ასე რომ, მაგიდაზე ბევრი წინადადებაა და შესაბამისად, არჩევანიც დიდია“, – ჰუბერტ ქნირში.