„ვერავითარ განკითხვის დღეს ისინი ვერ მოაწყობენ საქართველოში” – თეა წულუკიანი

ოპოზიცია დღეს ემოციურად იყო განწყობილი, მაგრამ იმედი მაქვს, დაფიქრდებიან და შეიცვლიან პოზიციას, რომელიც განკითხვის დღის მოწყობის მუქარაა, – განაცხადა იუსტიციის მინისტმა, თეა წულუკიანმა ოპოზიციონერებთან შეხვედრის შემდეგ.

„მესმის, რომ ოპოზიცია დღეს ემოციურად იყო განწყობილი, მაგრამ იმედი მაქვს, დაფიქრდებიან და შეიცვლიან პოზიციას. ვერავითარ განკითხვის დღეს ისინი ვერ მოაწყობენ საქართველოში. მათ განკითხვის დღე ქართველ ხალხს მოგვიწყვეს წინა წლებში, მაგრამ ისინი, რა თქმა უნდა, ასე ვერ მოვლენ ხელისუფლებაში, რომ კიდევ ერთხელ საკუთარ ხალხს განკითხვის დღე მოუწყონ. ჩვენი შეთავაზება დეტალებში განვიხილეთ და დაველოდებით უფრო გაანალიზებულ, ემოციებისგან დაცლილ პასუხებს“ – დასძინა მან.
მოლაპარაკებების დროს დარჩა შთაბეჭდილება თითქოს ოპოზიციონერებს არაკანონიერი მეთოდების გზით პროცესების განვითარების სურვილი აქვთ, აღნიშნა წულუკიანმა.

„რაც შეეხება მოლპარაკებების პროცესს, არ დაგიმალავთ და მე დამრჩა განცდა, ხომ არ არის ოპოზიციის გეგმებში რაიმე არაკანონიერი მეთოდების გზით პროცესების განვითარების სურვილი. ეს უფრო მეტად პროპორციული მოდელიც თუ არ აწყობთ, ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ მათ რეალურად არ სურთ კანონიერი გზით ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ, მოდით, დღევანდელი დღე და საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ამგვარი მკვეთრი მუქარის შემცველი განცხადებები დავაბრალოთ ემოციებს და ჩვენ კონსტრუქციულ რეჟიმში კვლავ დაველოდებით მოლაპარაკებების შემდეგ შეხვედრას, თუ ამგვარი შეხვედრა იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან ამის მზაობა არის“ ,- ამბობს იუსტიციის მინისტრი.