მიხეილ ჩხენკელის განცხადება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა 15 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და მივუსამძიმრო ოჯახს, მეგობრებს და გარდაცვლილის თანაკლასელებს. სამინისტროს ფსიქოსოციალური ცენტრის ფსიქოლოგები აგრძელებენ „მწვანე სკოლაში“, მე-100 და 169-ე სკოლაში მოსწავლეებთან მუშაობას, რათა დაეხმარონ მათ ამ უდიდესი სტრესის გადალახვაში. სახელმწიფოსა და ჩვენი სამინისტროს უმთავრესი მიზანია ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა, მზრუნველობაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა.

ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები, რომელიც აგვაცილებს მსგავს ტრაგედიებს. ამ მხრივ, სამინისტროს მიერ დაწყებულია და მიმდინარეობს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. კერძოდ, სკოლებში მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა გადამზადება, იმ სკოლებში, სადაც არ არის მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის გადამზადება; ფსიქოსოციალური მიმართულების გაძლიერება. ახლა ძალიან მნიშვენლოვანია, რომ აღნიშნული პროცესები დაიწყოს კერძო სკოლებშიც, ხოლო სამინისტროს მხრიდან გაძლიერდეს ამ პროცესების დანერგვის ხელშეწყობა.

როგორც იცით, ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრისგან დაგვევალა კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება და დაწყებულია კონკრეტულ გეგმაზე მუშაობა. ჩვენ ერთი კვირის ვადაში წარმოვადგენთ ზუსტ და დროში გაწერილ გეგმას, რომელიც მოიცავს როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკულ ინიციატივებსა და ახალი სერვისების შექმნას. დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი ჯგუფი გამართავს მორიგ შეხვედრას და გააგრძელებს მსჯელობას და მუშაობას ამ საკითხზე“, – აცხადებს მინისტრი.