დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სრულად, გამჭვირვალედ და ღიად გამოიძიებს ამ საქმეს – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დარწმუნებულია 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტის გამოძიების ღიაობასა და გამჭვირვალობაში ისე, რომ მოსახლეობას კითხვები აღარ დარჩება.

„კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 15 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სრულად, გამჭვირვალედ და ღიად გამოიძიებს ამ საქმეს ისე, რომ არ დარჩება არცერთი კითხვის ნიშანი საზოგადოებაში, შესაბამისი დავალებები მიიღო ყველა უწყებამ, რომ სრულად ითანამშრომლონ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებასთან „ჩვენ ასევე უნდა გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები. სწრაფად და სისტემურად უნდა ვიმოქმედოთ მოზარდების მართლმსაჯულების მიმართულებით და აქ კონკრეტული დავალებები უნდა გავცეთ შესაბამის უწყებებს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების დაკითხვებისა და ამ სივრცის შექმნის თვალსაზრისით. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. განათლების სამინისტრომ უნდა იზრუნოს მუდმივი და განგრძობადი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართლებით ყველა იმ სახელმწიფო მოხელისთვის, რომელსაც შემხებლობა აქვს მოზარდებთან. ასევე, იუსტიციის სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების საკანონმდებლო დაცვაზე, მაშინ, როდესაც მათ აქვთ სამართალდამცავ სისტემასთან შეხება. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური მიმართულებით უნდა იზრუნონ იმ პრობლემებზე, რომელიც ფსიქოლოგიურად მოზარდებთან მუშაობას ეხება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ განათლების სამინისტროს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია პროაქტიულად, პრევენციულად იმ პრობლემების აღმოჩენის მიმართულებით, რომელიც მოზარდების ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული“, -,- განაცხადა პრემიერმა.