„ვირუსების მატება დაწყებულია” – პაატა იმნაძე

„ვირუსების მატება დაწყებულია. დეკემბრის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს მატების პერიოდი, მაგრამ რადგან წამყვანი არის B ტიპის ვირუსი, ფართო გართულებას არ ველოდებით“, – ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე აცხადებს.
მათ დასძინეს, რომ წინა წელთან შედარებით წელს ჰოსპიტალიზაციის ნაკლები შემთხევა დაფიქსირდა.

„საკმაოდ ძნელია გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ გრიპზე ლაპარაკი. ჯერჯერობით გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შარშან იყო ავადობა, ჰოსპიტალიზაციაც გაცილებით ნაკლებია. გრიპი ჯერ არ არის წამყვანი ვირუსი, თუმცა უკვე გამოჩნდა გრიპის სამივე ქვეტიპი. წამყვანი არის B ტიპის ვირუსი ( ჩვეულებრივი სეზონური გრიპის ვირუსი).
ვირუსი ვისთან გართულდება, ადამიანზეა დამოკიდებული. სიმძიმე შეიძლება ნებისმიერმა ვირუსმა გამოიწვიოს. მატების ფაზაში ვართ ახლა, თუმცა ეს მატება არ არის მეტი, ვიდრე იყო შარშან“,- ამბობს პაატა იმნაიძე.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა აცრებთან დაკავშირებით.
„90 ათასი ადამიანი სახელმწიფო პროგრამით უკვე აცრილია, ხოლო კერძო სექტორში 40 ათასი ადამიანი. აცრა ყოველთვის შეიძლება, თუმცა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჯობს დავამთავროთ აცრა სეზონამდე, სანამ ვირუსების პიკი იქნება. აცრას სჭირდება გარკვეული დრო, ამიტომ აცრები უნდა დაიწყო ოქტომბრის ბოლოს. მე პასუხს ვაგებ სახელმწიფო პროგრამით შემოტანილ ვაქცინაზე. კერძო სექტორმა თუ ვერ გათვალა მოთხოვნა როგორი იქნებოდა, ეს უკვე მათი ბიზნესია. ვაქცინებს რაც შეეხება, ისინი იცვლება წლიდან წლამდე“,- დასძინა მან.