“კონტროლზე აგვყავს ლუკას ტრაგედია და არავის მივცემთ უფლებას, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა.” – მარიამ ჯაში

„დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,- “კონტროლზე აგვყავს ლუკას ტრაგედია და არავის მივცემთ უფლებას, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა.”

„შეუძლებელია, ოჯახი და მეგობრები ვანუგეშოთ რაიმე სიტყვებით იმიტომ, რომ ეს არის ტრაგედია, რომელიც მართლა თითოეულ ჩვენგანს შეეხო. ბევრი კითხვის ნიშანი გამოჩნდა ამ ტრაგედიის ირგვლივ. პირველ ეტაპზე, სკოლისგან, მანდატურის სამსახურის მხრიდან რეაგირება დამაკლდა. არ ვიცი, რამდენად გამართლებული იყო პირდაპირ სამართალდამცველების ჩართვა. ერთადერთი, რაც მე შემიძლია ჩვენი ფრაქციის სახელით ლუკას ოჯახს შევპირდე არის ის, რომ ჩვენ კონტროლზე აგვყავს ლუკას ტრაგედია და არავის მივცემთ უფლებას, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა, რომელიც გამოიკვეთება. გამოვიყენებთ ყველა საპარლამენტო ინსტრუმენტს, რომ აბსოლუტურად ყველამ აგოს პასუხი, თუკი იკვეთება დანაშაული ან გადაცდომა. დარწმუნებული ვარ, ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, შესაბამისი ჰუმანური რეაგირება რომ მომხდარიყო,” – აღნიშნავს ჯაში.

მან ასევე დასძინა, რომ ის ნებისმიერი ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით სპეკულირების წინააღმდეგია.

„გუშინ, დღესაც და ხვალაც, რაც არ უნდა მოხდეს ქვეყანაში, მე ვიქნები ნებისმიერი ტრაგედიის რაიმე პოლიტიკური ნიშნით სპეკულირების წინააღმდეგი. დღეს პირდაპირ საუბარი რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის გადაყენებასთან დაკავშირებით არის ნაადრევი. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ დეტალურად იყოს გამოკვლეული, რა მოხდა. თუკი მაღალი თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობაც დადგება დღის წესრიგში, ბუნებრივია, რეაგირება ადეკვატური უნდა იყოს,”- თქვა მარიამ ჯაში.