როცა ბავშვი იღუპება ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ – კახა კალაძე

თავრობის სხდომის დაწყების წინ კახა კალაძემ განაცხადა, რომ ლუკა სირაძის გარდაცვალებაში დამნაშავე ყველანი ვართ.
მერმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

„სანამ დავიწყებთ ჩვენი მთავრობის საკითხების განხილვას, გადაწყვეტილებების მიღებას, დღევანდელი სხდომა მინდა დავიწყო სამძიმრით ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, მის მეგობრებს და სრულიად საქართველოს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი სამძიმარი და გულისტკივილი ლუკას ვერ დააბრუნებს, უბრალოდ მინდა, ყველამ გავიხსენოთ, როგორები ვიყავით ჩვენ 15 წლის ასაკში. ყველას გამოვლილი გვაქვს ეს ასაკი და ალბათ, შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ რამხელა ენერგია, ემოციები დუღდა თითოეულ ჩვენგანში, რამდენად რთულად გვეჩვენებოდა ცხოვრება და თითოეული მოვლენა, რომელიც ჩვენ ირგვლივ იყო, იყო დიდი გამოწვევა და ხშირად შეიძლება ითქვას, ბრძოლაც კი. ლუკაც ასეთი ბიჭი იყო გარდატეხის ასაკში, რომელიც რატომღაც დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს – ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი, რატომ, რისი გულისთვის? უბრალოდ, ძალიან მძიმეა, ზოგადად რომ შევხედოთ, რა ხდება ირგვლივ. შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს თანაგრძნობა და სიყვარულის უნარი დავკარგეთ, მხოლოდ სიძულვილი და აგრესიაა მოზარდების ირგვლივ, ამას ხედავენ და ამასთან ერთად უწევთ ცხოვრება, რაც ძალიან ცუდია. როცა ბავშვი იღუპება, მე მგონია, რომ ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ, ჩვენ, ყველანი, იმიტომ, რომ ოჯახი, სკოლა, ასევე სახელმწიფოც ერთნაირადაა პასუხისმგებელი მომავალ თაობაზე. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ლუკა სირაძის ოჯახს“, – ამბობს კალაძე.