აშშ-ს 2020 წლის ბიუჯეტში საქართველოს მხარდაჭერა გათვალისწინებულია

აშშ-ის სენატმა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა.
აშშ-ის 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 738 მილიარდ დოლარს შეადგენს. 658 მილიარდი დოლარი თავდაცვის დეპარტამენტისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოების პროგრამებს მოხმარდება. 71.5 მილიარდი დოლარი კი, საზღვარგარეთ ოპერაციებისთვის იქნება გამოყოფილი.

„დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველოს მხარდაჭერაზეც.
კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „საქართველო აშშ-ის ღირებული პარტნიორია და არაერთხელ გამოხატა ორი ქვეყნის საერთო ინტერესების წინ წაწევისადმი ერთგულება, მათ შორის ქართველი ჯარისკაცების ნატო-ს მისიებში მონაწილეობის გზით“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ევროპის შეკავების ინიციატივა“ საქართველოს აძლევს საშუალებას, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს აშშ-თან და ნატო-სთან, და ამავე დროს განამტკიცოს თავდაცვისუნარიანობა.“

კანონპროექტში ასევე წერია რომ, საქართველოს მონაწილეობას ნატო-ს ინიციატივაში „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ უდიდესი მნიშვნელობა აქვს აშშ-სთან და ნატო-სთან ურთიერთობისთვის, ასევე რეგიონში უფრო მშვიდი გარემოს შექმნისთვის.
„კონგრესი ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ის არ ცნობს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების დამოუკიდებლობას, მხარს უჭერს თანამშრომლობის გაგრძელებას აშშ-სა და საქართველოს შორის, ასევე საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, უზრუნველყოს მისი ხალხისა და სუვერენული ტერიტორიის დაცვა“, – ნათქვამია კანონპროექტში.

დოკუმენტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაყვანის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს და კრძალავს სამხედრო თანამშრომლობას რუსეთთან. ასევე, სანქციებია გათვალისწინებული თურქეთისთვის.

აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი“ 11 დეკემბერს დაამტკიცეს კონგრესშიც. კანონი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ხელს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოაწერს. ტრამპმა უკვე განაცხდა, რომ კანონს ხელს მაშინ მოაწერს, როდესაც დოკუმენტს მას წარუდგენენ.
კანონპროექტს მხარი 88 სენატორმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო რვა.