არჩილ თალაკვაძე: გაიყვანეთ აქედან, თუ შეიძლება, ქალბატონი ბოკუჩავა.

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა ხმაურით წარიმართა. სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა და „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი ესწრებოდნენ. თინა ბოკუჩავა არჩილ თალაკვაძისგან მოითხოვა პასუხი, შეუშვებდნენ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებს 20 ივნისის აქციის დროს დაკავებულების მოსანახულებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარესთან მივიდა და სხდომის წაყვანის საშუალება არ მისცა.

„ახლა აგიხსნით, დამნაშავე ვინ არის. ორ წამში აგიხსნით. დავიწყოთ ახლა იმით, რომ პირველ რიგში, თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც თან ბოიკოტის წერილებს წერთ, თან პარლამენტში ბიუროს სხდომას ესწრებით. ჩამოყალიბდით. არ ესწრებიან, მეგობრებო, ბიუროს სხდომას არ ესწრებიან. პასუხი მოისმინეთ და ეპატაჟი დაასრულეთ. ადგილზე დაბრძანდით, თითს ნუ მიქნევ. დაჯექი თავის ადგილას. გაიყვანეთ აქედან, თუ შეიძლება, ქალბატონი ბოკუჩავა. ეპატაჟი დაასრულე და დამელოდე. მაშინ მიბრძანდი სხდომიდან. კითხვაზე გინდათ პასუხი? დაჯექი და აგიხსნი, დაბრძანდი, ვერავის შეაშინებ ფეხზე წამოდგომით. დაბრძანდით თქვენს ადგილზე და ღვედები შეიკარით. დაბრძანდით თქვენს ადგილას. სავარძელში დაბრძანდით და ღვედები შეიკარით, გირჩევთ“, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ თინა ბოკუჩავას.

საპასუხოდ, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ბიუროზე შემოსვლის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ ციხეში შეშვების უფლება მოიპოვონ. მან თალაკვაძეს ბუტაფორია უწოდა და ციხეში დაკავებულების მონახულების უფლება მოითხოვა.