თბილისში საახალწლო ილუმინაციები ჩაირთო

თბილისის ქუჩებში საახალწლო განათებები აინთო. მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, საახალწლო განათებები და დეკორაციები წერეთლის, რობაქიძის, თამარ მეფის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის და გურამიშვილის გამზირებზე, ასევე, კოსტავას, კანდელაკის, გამსახურდიას, დოლიძის, ჩოლოყაშვილის, თამარაშვილის, მელიქიშვილის, ფარნავაზ მეფის, ცოტნე დადიანის, გორგასალის და ლეონიძის ქუჩებზე აინთო. მომდევნო დღეებში კი თბილისის დარჩენილი გამზირები და ქუჩები განათდება.

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ კომპანია განათებების მონტაჟს ერთი თვეა ახორციელებს.

„უკვე დავიწყეთ განათებების ჩართვა სხვადასხვა რაიონში. აღნიშნულ პროცესს, რამდენიმე დღეში დავასრულებთ. ქალაქის საახალწლოდ მორთვა, 25 დეკემბერს, მთავარი ნაძვის ხის ანთებით და საშობაო სოფლის გახსნით დაგვირგვინდება’’,- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
წელს, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, რუსთაველის გამზირზე და ორბელიანის მოედანზე სრულიად ახალი დიზაინის განათებები დაამონტაჟეს, ხოლო უკვე არსებული ძველი ილუმინაციები თბილისის სხვადასხვა უბანში გადანაწილდა.