დღეიდან საზოგადოება პრეზიდენტის სასახლის დათვალიერებას შეძლებს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეიდან პრეზიდენტის სასახლე დასათვალიერებლად ღიაა როგორც საზოგადოებისთვის, ასევე დიასპორისთვის, რადგან მათ უნდა იგრძნონ, რომ სასახლე და პრეზიდენტი არის მათი.

ათონელზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ანტიკვარული ავეჯისა და ინტერიერის აქსესუარების შეძენაზე 1 199 558 ლარი დაიხარჯა, 255 000 ლარი რესტავრაციას, ხოლო 720 225 ლარი – თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას მოხმარდა.

რეზიდენციისთვის შესყიდულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი – 59 000 აშშ დოლარი; ოთხ ანტიკვარულ ჭაღში კი ჯამში 133 410 აშშ დოლარი / 391 112 ლარი დაიხარჯა.

8 500 აშშ დოლარად შესყიდულია შვიდი ირანული ფერწერული ტილო, 4 310 აშშ დოლარად შესყიდულია ირანული მამლის ფიგურების წყვილი, 3 წყვილი შანდალი – თითოეულის ფასი 3000-დან 8000 აშშ დოლარამდე, 3 ბუხრის საათი – თითოეულის ფასი 700-დან 18 000 აშშ დოლარამდე, შუა აზიური ორი ხალიჩა – თითოეულის საწყისი ფასი 5000-დან 7000 აშშ დოლარამდე.