ქართული ჯარის წინაშე ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში და მოვიხაროთ ქედი-გიორგი გახარია

ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე და უნდა მოვიხაროთ ქედი იმ გმირობებისთვის, პირველ რიგში, რასაც ეს ბიჭები ყოველდღიურად ჩადიან, ამისი მაგალითი გვქონდა დღესაც, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე დასმულ შეკითხვას.
მისი თქმით, ქართული ჯარის წინაშე ყველამ ბოდიში უნდა მოიხადოს. „ქართული ჯარის ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება. დღეს ტერორისტები თავს დაესხნენ ბაგრამის საავიაციო ბაზას, სადაც სხვათაშორის 500-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცია წარმოდგენილი. ისინი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ჯართან ერთად მხარდამხარ იბრძვიან, რათა ტერორიზმს მიუჩინონ თავისი ადგილი. სამწუხაროდ, ხუთი დაჭრილი ჯარისკაცი გვყავს. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მიუთითებს და მეტყველებს ქართული ჯარის სიძლიერეზე, მის მომავალზეც და მის ხვალინდელ დღეზეც. ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე. პირველ რიგში უნდა მოვიხაროთ ქედი იმ გმირობებისთვის, რასაც ეს ბიჭები ყოველდღიურად სჩადიან, რომლის მაგალითიც გვქონდა დღეს. მინდა, მათ პირველ რიგში ჯანმრთელობა და რაც შეიძლება მეტი გამარჯვება ვუსურვო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.