ასი ათასობით ხე მაქვს დარგული – ბიძინა ივანიშვილი

დენდროლოგიური პარკების განვითარებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტიტის კითხვას ბიძინა ივანიშვილი პასუხობს, რომ ყველა პარკი გადაეცემა სახელმწიფოს, შესაბამისად კი ხალხს.
„ჩემთვის პირადად, ბუნება არის ენერგიის უმთავრესი წყარო. სადაც არ ვცხოვრობდი, ყოველთვის ვცდილობდი ქალაქიდან თავი დამეღწია და ბუნებასთან ახლოს ვყოფილიყავი, რასაც მეტ-ნაკლებად ვახერხებდი. ამის შესაძლებლობა ყველა ჩვენთაგანს უნდა ჰქონდეს და ყოველი ამ პარკის შექმნითა და თანადგომით მე ზუსტად ამ შესაძლებლობების შექმნას ვცდილობ.
გიგანტური ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირას გახლავთ. ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელ ბატონ ზურაბ ბაგრატიონთან ერთად დავდიოდით და ხეებს სწორედ ამ კუთხით ვარჩევდით.
შემიძლია გითხრათ, რომ მე ასი ათასობით ხე მაქვს დარგული, შეიძლება ამას ჩემი ჰობი დაარქვათ ან მოთხოვნილება, მაგრამ ყველაფერში ნეგატივის დანახვა და ხალხისთვის სიცრუის ტირაჟირება ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები ვირტუალურ რეალობაში ამყოფებენ ჩვენ მოსახლეობას, რათა ყველა მოვლენა მხოლოდ ნეგატიური კუთხით შუქდებოდეს“, – აცხადებს ივანიშვილი.