ქუთაისში მორიგი პროვოკაციული აქცია იგეგმება

დღეს, ქუთაისში, 14:00 საათზე ნაცჯგროს ყოფილი თუ ახლანდელი ლიდერები სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, აქციას მართავენ.
დავით ბაქრაძე, ნაცების ახალი პარტიის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ აქცია გაგრძელდება სანამ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა არ დაისადგურებს.
“ქუთაისში იქნება აქცია და მშვიდობიანი მსვლელობა. ყველაფერი იქნება მშვიდობიანი და არაძალადობრივი ისე, როგორც ეს ხდებოდა აქამდე. ასეთი აქციები გაგრძელდება საქართველოს სხვა ქალაქებში და რეგიონებში. „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა უნდა გაიგოს, რომ მათი შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დამთავრდება არა მაშინ, როდესაც სპეცრაზმს გამოიყენებენ ხალხის წინააღმდეგ, ან კონტრაქციებს ჩაატარებენ, მათი შექმნილი კრიზისი დამთავრდება მაშინ, როდესაც ერთად მოვძებნით პოლიტიკურ გამოსავალს მმართველი გუნდის შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან. ასევე გაგრძელდება აქციები თბილისში, რუსთაველზეც. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ საზოგადოება არ გაჩერდება და უკან არ დაიხევს, ვერანაირი სპეცრაზმებით, ვერანაირი “ტიტუშკებით”, ვერანაირი პოლიციის ჩარევით ამ ტალღას ვერ გააჩერებენ. გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – პოლიტიკური კომპრომისი. სანამ ეს გამოსავალი არ მოიძებნება, აქციები გაგრძელდება მშვიდობიანი, არაძალადობრივი, კანონიერი ფორმით“, – აცხადებს ბაქრაძე.