ზუგდიდში მამაოსთან ერთად დაკავებული პირს 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

ზუგდიდში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულს პირს, რომელიც ბერთან ერთად აიყვანეს, 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს.
როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, სასამართლომ გაითვალისწინა მამა გიორგი ქავთარაძის ჩვენება, რომელიც აცხადებს, რომ მალანიამ ამ საქმეზე არაფერი იცოდა.
„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განიხილებოდა პროკურატურის შუამდგომლობა რომან მალანიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების თაობაზე, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას განსაკუთრებით დიდი ოდენობით, თუმცა სასამართლომ მხედველობაში მიიღო გარემოებები, რაც ცხადი გახდა მისთვის დაცვის მხარისგან, რომ არსებობს პოლიციის სამმართველოში ნებაყოფლობით გამოცხადებული მეორე მხარე, რომელიც აცხადებს, რომ მალანიამ მოცემულ ნარკოტიკულ საშუალებებზე არაფერი იცოდა, მას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა აღნიშნულის თაობაზე, უბრალოდ, რატომღაც გადაწყვიტა რომ დაებრალებინა თავის თავზე. შესაბამისად, არსებობს მხარე, რომელიც აღიარებს და დეტალებში მიუთითებს, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნის მას. ამის გათვალისწინებით სასამართლომ გადაწყვიტა შეეფარდებინა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 10 000 ლარის ოდენობით“, – აცხადება ადვოკატი, ჯიტა გულუა.
აღსანიშნავია პროკურატური მხარეც, ისინი მალანიას დაპატიმრობას ითხოვენ.
„ბრალდების მხარე ბრალდებულის მიმართ აღმკვეთის ღონისძიების სახით ითხოვდა პატიმრობას. ჩვენი მოთხოვნა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, დაკავებულს საპატიმრო გირაო შეეფარდა. როცა ბრალდების მხარე მიიღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, გაეცნობა განჩინებას, რომელიც მოსამართლემ მიიღო, ამის შემდეგ მიიღებს გასაჩივრების შესახებ პროკურატურა გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანია გავეცნოთ, გავიაზროთ ის გარემოებები, რაზეც უთითებს მოსამართლე მოცემულ განჩინებაში. პატიმრობასთან დაკავშირებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობს როგორც აღკვეთის ღონისძების გამოყენების სტანდარტი, ასევე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ არსებობდა მიმალვის საფრთხე მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით და ეს არ გახლავთ ერთადერთი გარემოება, ასევე იყო მტკიცებულებათა განადგურების რეალური საფრთხე, გამომდინარე იქიდან, რომ დასადგენია და გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ სად, რა ვითარებაში, რა მიზნით მოახდინა აღნიშნულმა პირმა ნარკოტიკული საშუალებების შეძენა და ასევე დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებითაც გვაქვს გარკვეული კითხვის ნიშნები. ვინაიდან, როგორც ცხადყოფს საქმეში არსებული გარემოებები, ამ პირის მიმართ წარსულში გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. სამართლომ თუ რას დააფუძნა აღნიშნული გადაწყვეტილება, ამაზე შემდგომ შემეძლება დეტალურად საუბარი, როცა ჩავიბარებ ამ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნავს პროკურორი მარიამ ქორიძე.
ქორიძემ დასძინა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს მალანიას ამ საქმეში ჩართულობას.