2019 წლის მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში საქართველოდან 53 ქვეყანაში 86 მლნ ბოთლი ღვინო გაიყიდა

2019 წლის მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს მასშტაბით 53 ქვეყანაში 86 მლნ ბოთლი ღვინო გაიყიდა. ეს მონაცემები წინა წელთან შედარებით 10 პროცენტით მეტია. ღვინის ეროვნული სააგენტო ასევე აცხადებს, რომ ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარა.
ცნობისთვის, ეს მონაცემები, 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, უკვე შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელიც დასრულდება ახალი რეკორდული მაჩვენებლით, ვინაიდან, ტრადიციულად, დეკემბრის თვეში ექსპორტის რაოდენობა მაღალია სხვა თვეებთან შედარებით“, – აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში ამგვარად გაიზარდა: პოლონეთი – 24 პროცენტი (3 746 092 ბოთლი), ჩინეთი – ორი პროცენტი (6 323 463), აშშ – 48 პროცენტი (660 874 ბოთლი) და დიდი ბრიტანეთი – 22 პროცენტი (126 493). ლიეტუვა – 48 პროცენტი (653 322 ბოთლი), გერმანია – 40 პროცენტი (615 723), ბელარუსი – 68 პროცენტი (2 505 617), ისრაელი – 81 პროცენტი (287 023), ესტონეთი – 27 პროცენტი (648 884), რუსეთი – 11 პროცენტი (53 964 172), მოლდოვა – 8551 პროცენტი (612 524), ნიდერლანდები – 22 პროცენტი (88 114), ჩეხეთი – 17 პროცენტი (67 584), შვედეთი – 562 პროცენტი (78 390), ბულგარეთი – 23 პროცენტი (32 934), მონღოლეთი – ხუთი პროცენტი (224 652) და ა.შ.
11 თვის განმავლობაში ღვინის ექსპორტი 323-მა კომპანიამ განახორციელა.
„მთლიანად ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 325 მლნ აშშ დოლარი, რაც 15 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს“, – აღნიშნულია განცხადებაში.