ეს პროცესი დაიწყო ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ – მაია ცქიტიშვილი მცხეთაში მომხდარ ინციდენტზე

ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი, ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მცხეთაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის აგრესია ოპოზციური ძალების მიერ დანერგილი ზიზღის შედეგია, თუმცა მსგავსი ქმედება მაინც მიუღებელია.
„მიუღებელია რაიმე სახის დაპირისპირება, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, მით უმეტეს ფიზიკური ძალის გამოყენება და ისეთი ტიპის აქციები, რომლებიც ძალადობის ელემენტებს შეიცავს. სამწუხაროდ, ეს პროცესი დაიწყო ჩვენმა იმ რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელსაც მხოლოდ ეს მეთოდები აქვს და გვემუქრება ამ წლების განმავლობაში და რომელიც მხოლოდ ამ გზას ადგას. როდესაც უშუალოდ ოპოზიცია მოდის ამა თუ იმ ოფისთან, დეპუტატთან და მას ხვდება იქაც მხარდამჭერი, რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივი გამოძახილია იმ აგრესიისა, რომელსაც ჩვენი ოპოზიციური ძალები თესავენ, თუმცა ეს არ ამართლებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს თუ ცალკეული მაჟორიტარის მხარდამჭერებს, რომლებიც ფიზიკურ დაპირისპირებაში შედიან ოპოზიციის წარმომადგენლებთან“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
ასევე აღნიშნა, რომ პრობლემების განხილვამ ქუჩიდან პარლამენტში უნდა გადმოინაცვლოს.
„ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობა არის, რომ ბევრად მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საქმეს, უფრო მეტი თმენის ვალდებულება გვაქვს და აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ უნდა მოხდეს პროვოკაციაში ჩაბმა ან მით უმეტეს პროვოკაციის გამოხატვა“, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.