თუ ერთი მხარე უწმაწურ სიტყვებს იყენებს მეორეთან მიმართებით, მეორე მხარესაც აქვს უფლება ანალოგიურად უპასუხოს – მამუკა მდინარაძე

ელენე ხოშტარიას სიბილწეს მამუკა მდინარაჟე ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა. მისივე განმარტებით, როდესაც ერთი მხარე უწმაწურ სიტყვებს იყენებს მეორეთან მიმართებით, მეორე მხარესაც აქვს უფლება ანალოგიურად უპასუხოს მათ.
„ყველას ძალიან გთხოვთ, განსაკუთრებით მედიას, როცა ცუდი სიტყვების გამოყენებაზეა საუბარი, ნუ ვიქნებით ტენდენციურები და გავიხსენოთ მაგალითად, სასამართლოს შენობაში ნათქვამი უწმაწური სიტყვები. თუ იმაზე იგივე კითხვები არ ისმება, ამაზეც არ დაისვას. თუ შეიძლება, რომ სასამართლოს შენობაში ელენე ხოშტარიამ დედა აგინოს ნებისმიერ ადამიანს და ეს პრობლემა არ არის, მაშინ სხვამაც შესაძლოა იგივე დამოკიდებულება გამოამჟღავნოს. მიმაჩნია, რომ თუ კითხვები ისმება ერთი მიმართულებით, უნდა დაისვას მეორე მიმართულებითაც“ – განაცხადა მდინარაძემ.
მან ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს მოუწოდა არ ჩარეულიყვნენ ფიზიკურ დაპირისპირებაში.
„ის, რომ პოლიციას ვინმე აგინებდა, მტკნარი სიცრუეა. აღარავინ ვიკადროთ, რომ საზოგადოებას ტყუილები მოვახვიოთ თავს. ყურადღებით ვადევნე თვალყური და არავის იქ პოლიციისთვის არ შეუგინებია. ზოგადად, გინება და ძალადობა ძალიან ცუდია. ახლა შემიძლია „ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ორგანიზაციას და მის ხელმძღვანელობას მოვუწოდო და მეტიც, დავალებად მიიღონ, რომ არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებაში არ შევიდნენ, რაც არ უნდა ხდებოდეს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მეორე მხარეს მყოფ ახალგაზრდებს გულწრფელად სჯეროდეთ იმის, რასაც აკეთებენ, მათი ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებიც დღე და ღამე ტყუიან. „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს და მათ სატელიტ პარტიებს ფიზიკური დაპირისპირება აწყობთ და ნუ მივცემთ მათ საშუალებას, რომ დაპირისპირების ფონი შექმნან. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ცუდია, იმიტომ ვაძლევთ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ამ დავალებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას” არ მივცემთ საშუალებას, რომ მათ სცენარში ამოქმედონ ახალგაზრდები.
რაც უნდა მძიმე, პროვოკაციული და ამორალური იყოს მეორე მხრიდან დემონსტრანტების მხრიდან მოქმედება, არ უნდა მივცეთ საშუალება, მათ სცენარში ჩავებათ,”- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მსგავსი სტატიები