დღეს, შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა, ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
09:30 საათზე, ამ დღესთან დაკავშირებით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება კომფერენცია სახელწოდებით: „დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი“. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომი, ასევე ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი.
16:30 საათზე თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში, ამავე დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც დამსწრე საზოგადოება იხილავს პროექტის „მე შემიძლია“ გამოფენას, სახელწოდებით „ჩემი საყვარელი პარასპორტი, ტოკიო 2020 პარალიმპურ თამაშებზე“. ღონისძიების მიზანია მოზარდებში პარასპორტის პოპულარიზაცია და ცნობიერების ამაღლება. ასევე, გაიმართება საუკეთესო ნამუშევრის ავტორის დაჯილდოვების ცერემონიალი.
17:00 საათზე ჩატარდება მჯდომარე ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირის გახსნის ცერემონიალი და სპორტის ახალი სახეობის (Paratecvoly) პრეზენტაცია. საქართველოს პარალიმპურ კომიტეტს უნგრეთის მჯდომარე ფრენბურთის ფედერაციის წარმომადგენელი საჩუქრად გადასცემს Paratecvoly-ის მაგიდას.
დასასრულს შედგება საჩვენებელი მატჩი საქართველოსა და უნგრეთის მჯდომარე ფრენბუთის გუნდებს შორის.
ასევე, 17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ადმინისტრაციის მხარდაჭერით, შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება.