ჩვენ შეგვიძლია მაგალითად, ქუჩაში დარჩენა შევთავაზოთ – ირაკლი კობახიძე შესაძლო კონსენსუსზე

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტის კითხვასს კონსენსუსის თაობაზე, კობახიძემ უპასუხა, რომ მათ არაფრის შეთავაზების ინტერესი არ აქვთ ოპოზიციასთა, ეს მათ უნდა შემოსთავაზონ.
“ჩვენ არაფრის შეთავაზების ინტერესი არ გვაქვს, მათ უნდა შემოგვთავაზონ. ჩვენ შეგვიძლია მაგალითად, ქუჩაში დარჩენა შევთავაზოთ. ისინი ქუჩაში თუ დარჩებიან, ჩვენ ეს პოლიტიკურად უფრო მეტად გვაწყობს, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ისინი ყოველდღიურ რეგრესს განიცდიან. ამიტომ შეთავაზება მათ უნდა გააკეთონ,” – ამბობს კობახიძე.
კობახიძემ შეხვდერის დაწყებამდე განაცხადა, რომ “გერმანული მოდელი” საქართველოსთვის შეუსაბამოა.
“საუბარი გვექნება კონკრეტულ შემოთავაზებებზე. თუ ოპოზიციას აქვს კონსტიტუციასთან თავსებადი და ყველა თვალსაზრისით ნაციონალური შემოთავაზება, ბუნებრივია, შეგვიძლია განვიხილოთ. ანუ ამ შემთხვევაში კრიტერიუმი იქნება კონსტიტუციასთან თავსებადობა და ნაციონალურობა. როგორც იცით, მათი მხრიდან შემოთავაზებულია ე.წ. გერმანული მოდელი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ მკაფიო სამართლებრივი პოზიცია გვაქვს. გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ეწინააღმდეგება “გერმანული მოდელი” საქართველოს კონსტიტუციას და მზად ვართ, კოლეგები დავარწმუნოთ ამაში. როცა ვამბობ “გერმანულ მოდელს”, ვგულისხმობ ამ მოდელის იმ ვარიანტს, რომელიც ოპოზიციის მხრიდან არის შემოთავაზებული. ეს ვარიანტიც, ისევე როგორც კლასიკური ვარიანტი, თანაბრად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ჩვენ ანგარიშს ვუწევთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც გამოხატეს ინტერესი, რომ შეხვედრა შემდგარიყო. ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია. მზად ვართ, ეს ყველაფერი განვიხილოთ,”- განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.