ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრას ხვალ გამართავენ

დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხვალ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხება მათ შორის, ე.წ. გერმანულ მოდელს. როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს, დღის ბოლომდე დაზუსტდება შეხვედრის ადგილი და ფორმატი.
„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან. მეც მქონდა კომუნიკაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ელჩებთან. მათი ინიციატივაა, მიუხედავად იმ დესტრუქციული ქმედებებისა, რომლებსაც ოპოზიციის მხრიდან ისინიც ხედავენ, იქნებ დავმსხდარიყავით დიალოგის გარკვეულ ფორმატში.
კონსულტაციების საფუძველზე, საბოლოო ჯამში, ანგარიში გავუწიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში დაიწყება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც დაესწრება და გაიმართება დისკუსია. გერმანული მოდელი იქნება განხილვის ერთ-ერთი საგანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეხვედრის დრო და ადგილი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.