ექიმ გაფრინდაშვილის საკითხი უახლოეს მომავალში უნდა მოგვარდეს – გრეგორი კარასინი

გრეგორი კარასინის თქმით, ექიმ გაფრინდაშვილის საკითხი უახლოეს მომავალში უნდა მოგვარდეს. ეს განცხადება მან პრაღაში გამართული მოლაპარაკების მორიგი რაუნდის შემდეგ გააკეთა.
„ზურაბ აბაშიძემ დააყენა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი. ჩვენ, რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვიყავით, გვქონდა კონტაქტი სხვადასხვა დონეზე ქართულ და ოსურ მხარესთან. ვიმედოვნებთ, რომ ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში გადაიჭრება, მაგრამ ამავდროულად, ჩვენი მხრიდან გაიჟღერა მოსაზრებამ იმასთან დაკავშირებით, რომ მუდმივ საფუძველზე უნდა ამოქმედდეს ჟენევის დისკუსიის ფარგლებში ჯერ კიდევ 2008-2009 წლებში შექმნილი ინსტრუმენტები, ისეთები, როგორიც არის ინციდენტების აღმოფხვრის მექანიზმი. ეს მექანიზმი უნდა ვაიძულოთ, რომ იმუშავოს, უნდა ავამუშავოთ ცხელი ხაზი. უფრო მეტად მიზანმიმართულად უნდა იქნას გამოყენებული ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების შესვლა დედაქალაქებში, ისინი ხომ არიან ხოლმე ცხინვალსა და სოხუმში, თუმცა განთავსებულები თბილისში არიან. თუ ეს ინსტრუმენტები ამუშავდება, ჩვენ გვექნება გარანტიები, რომ მსგავსი დრამატული მოვლენები არ განმეორდება. უნდა ამოქმედდეს ჟენევის დისკუსიის ყველა ინსტრუმენტი, რომლებიც მოცემული მომენტისთვის სრულად ამოქმედებული არ არის. ჩვენ ვცვლით ინფორმაციას, საგარეო საქმეთა სამინისტროებს აქვთ კომუნიკაცია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ არ უნდა დავუშვათ მსგავსი შემთხვევები მომავალში, ეს საკითხი ექიმ გაფრინდაშვილთან დაკავშირებით კი ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში მოგვარდება“, – აცხადებს გრეგორი კარასინი.