კახა კალაძემ საზოგადოებას საკუთარი 2 წლიანი საქმიანობის ანგარიში გააცნო

კახა კალაძემ საზოგადოებას საკუთარი 2 წლიანი საქმიანობის ანგარიში გააცნო. კახა კალაძემ ღონისძიების მონაწილეებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში, მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ მობრძანებისთვის. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობით აგვირჩიეს და უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შევუდექით. ამ ორი წლის განმავლობაში, მართლაც ძალიან ბევრი საინტერესო და ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ყველას აინტერესებს, თუ რა იქნება ხვალ – როგორი იქნება ჩვენი დედაქალაქი. იმისთვის, რომ ქალაქში საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელო, მნიშვნელოვანია ქალაქის ბიუჯეტი“, – აცხადებს თბილისის მერი.
კალაძემ ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერსაც, რადგან 2020-ის ბიუჯეტმა რეკორდგულ მაჩვენებლს მიაღწია.
„მომავალი წლის პროექტებისთვის დაახლოებით, მილიარდ 300 მილიონ ლარს დავხარჯავთ. 2020 წლის ბიუჯეტი 300 მილიონი ლარით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ 300 მილიონი ლარით მეტი ღირებულების მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. მინდა, ბიზნესსექტორს მადლობა გადავუხადო, რადგან ურთიერთთანამშრომლობით, საინტერესო პროექტები უკვე განვახორციელეთ. რა თქმა უნდა, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ“ – თქვა კალაძემ.
მერის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტი ინფრასტურქტურის პროცესებზე, ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებებზე იქნება ორიენტირებული.
„ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ქალაქში სერიოზული პრობლემები გვაქვს, მაგრამ გპირდებით, რომ გამოწვევებისა და პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს გავაკეთებთ. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება იქნება. ბიუჯეტის დაახლოებით, 27-28% მიმართული იქნება ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად. ჩვენ წამოვიწყეთ და წარმატებით ხორციელდება ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა. ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ და დღეს ცხრა მოქალაქე, რომელმაც ამ პროგრამით ისარგებლა, ჩვენს ღონისძიებას ესწრება. მინდა, ჯანმრთელობა და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო ამ ადამიანებს. ჩვენ ყველას გვერდში დავუდგებით. არავინ არასდროს მიგვიტოვებია. არასდროს დაგვიყვია საზოგადოება პოლიტიკური ნიშნით და ვეხმარებით ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალში“ – თქვა კალაძემ.
მან ასევე დიდი მადლობა გადაუხადა პრეზენტაციაზე მყოფ უხუცესს, 100 წლის მერი მაღრაძეს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო რიგით მოქალაქეებს, რომლებასც გული შესტკივათ ჩვენს ქალაქზე და რომლებსაც გული შესტკივათ, თუ როგორი იქნება ხვალინდელი თბილისი და რა პრობლემები არსებობს ქალაქში. რა თქმა უნდა, ჯანსაღი კრიტიკაც მისაღებია. არსებობს გამოწვევები, თუმცა ძალიან დიდი შემართებით ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს ქალაქს აწუხებს“, -კახა კალაძე.