200 ნაცის დასაბლოკი არ არის საქართველოს პარლამენტი – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი 200 ნაცის დასაბლოკი არ არის. მისი განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებენ პროპორციულობის პრინციპით.
„მათ უკან დგას დღეს ორასი აქტივისტი, რომლებიც ცდილობენ პარლამენტის ბლოკირებას. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა აჩვენოს სახელმწიფოს სახე, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს ხელისუფლების სახე. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოები იღებენ იმ ზომებს, რომლებიც უნდა იყოს მიღებული პროპორციულობის პრინციპით“ – აცხადებს კობახიძე და ჟურნალისტის კითხვას, თუ რამდენად შეეფერება სამართალდამცავთა მსგავსი ორგანიზება 200 კაცის გამო, ის პასუხობს:
„იმისათვის, რომ სხვა უფრო რთული ზომები არ იყოს გამოყენებული, პრევენციული ზომებია მიღებული. მე ამაში სიღრმეში ვერ შევალ, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტი. ისინი ამ დღეების განმავლობაში აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად რბილი ზომებით იყოს პარლამენტის მუშაობა უზრუნველყოფილი და ბუნებრივია, ასე უნდა გაგრძელდეს. ჩვენ გვახსოვს პრაქტიკა, 2012 წლამდე, როდესაც ხდებოდა უსასტიკესი დარბევა მიტინგების. ეს პრაქტიკა არის აღკვეთილი საქართველოში და პოლიცია მოქმედებს პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად. ჩვენ რადიკალურად შევცვალეთ ის პრაქტიკა, რომელიც იყო თავის დროზე ჩამოყალიბებული“.