საპატრულო პოლიციის მიერ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რკინის კონსტრუქციები განთავსდა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიტაძისა და ზუბალაშვილის ქუჩებზე პოლიციელებმა რკინის კონსტრუქციები განათავსეს. როგორც ვაჟა სირაძე, საპატრულო პოლიციის უფროსი აცხადებს, კონსტრუქციები ძალადობრივი ქმედების აღსაკვეთად დადგეს.
„უსაფრთხოების მიზნით გადავწყვიტეთ, რომ დაგვედგა რკინის კონსტრუქციები, რომ არ ყოფილიყო აქცის მონაწილეების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები პოლიციის მიმართ. ჩვენ ვმოქმედებთ ადეკვატურად და შესაბამისად, რომ კარგად დავიცვათ საზოგადოების უსაფრთხოება. ეს იქნება მანამდე, სანამ გამართავენ აქციას და მოახდენენ პარლამენტის ბლოკირებას. ვინაიდან უკვე არაერთი ფაქტი იყო იმის, რომ ამ ადამიანებმა მოახდინეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და განაცხადეს, რომ კვლავ აპირებდნენ ამას, პოლიციამ გაატარა შესაბამისი ზომები“, – აცხადებს სირაძე.
ცნობისთვის, ჭიჭინაძის ქუჩა გადაკეტილი არ არის, თუმცა ადგილზე მობილიზებულია 30-მდე პოლიციელი, რაც ხელს უშლის გადაადგილებას. თვით რუსთაველის გამზირზე კი მოძრაობა არ იზღუდება.