თქვენ სად ბრძანდებოდით ხომ ვერ გაგვიმხელთ? – გიორგი კანდელაკი არჩილ თალაკვაძეს

„ევროპული საქართველოს“ წევრი და ერთ-ერთი დეპუტატი, გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩლ თალაკვაძეს მიმართავს.
მისი პოსტი თალაკვაძის განცხადებას მიეძღვნა, იტალიაში, მეგობრის იუბილეზე არ ყოფნასთან დაკავშირებით.
მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ბატონი არჩილ თალაკვაძე დილიდან გვიმტკიცებთ არანაირ კომოს ტბაზე არ წავსულვარ და ცილს მწამებს სრულიად მედიაო. რადგან ჩვენმა პატივცემულმა თავმჯდომარემ თავდაჯერებულობის დემონსტრირება ასეთ აღმატებულ და საზეიმო ტონში გადაწყვიტა, მინდა მას კითხვით მივმართო: ბატონო არჩილ, წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით? მე და გიგი წერეთელი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობიდან დავბრუნდით და თქვენ სად ბრძანდებოდით ხომ ვერ გაგვიმხელთ? რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, „უკიდურეს მიკერძოებაში“ ამხილოთ”, – გიორგი კანდელაკი.