“ვხედავთ, რიგ ქვეყანაში როგორ უსწორდებიან დემონსტრანტებს, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები დუმან”-ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საერთაშორისო ორგანიზაციებს და დასავლეთის ქვეყნებს შერჩევით მიდგომაში ადანაშაულებს. კერძოდ, მისი თქმით, ისინი აზერბაიჯანში აქციების დაშლას მკაცრად აკრიტიკებენ, სხვა ქვეყნებთან მიმართებაში კი “ხმას არ იღებენ”.
„თითქმის ყოველდღე ვხედავთ ტელევიზიით, რომ ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში დემონსტრანტებს სცემენ, კლავენ, აზიანებენ, შლიან წყლით, გაზით, ჯოხებით და სასტიკად უსწორდებიან. აზერბაიჯანთან მიმართებაში, როდესაც რამე მცირე ეპიზოდი მოხდება, გარკვეული ქვეყნების ელჩები იწყებენ იმაზე საუბარს, რომ თითქოს ამაში დამნაშავე ჩვენი მთავრობაა“,-განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მას აინტერესებს, თუ რატომ არიან ჩუმად საერთაშორისო ორგანიზაციები ზემოხსენებული შემთხვევების დროს, რადგან მათი ვალდებულება ადამიანების დაცვა უნდა იყოს, როდესაც მომიტინგეებს სასტიკად უსწორდებიან და არაადამიანურად შლიან აქციებს.
შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანული მედია თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის სამართლიან თუმცა, ზოგჯერ „სასტიკ მეთოდებს“ საერთაშორისო საზოგადოება არ აკრიტიკებს. „რაც დასაშვებია ნინოსთვის, დაუშვებელია ალისთვის“,-წერს ავტორი.