ვაჟა გაფრინდაშვილი საქმის გარკვეული დეტალები გასაჯაროვდა

საოკუპაციო რეჟიმის სააგენტო Рес-ი, დე ფაქტო ტერიტორიაზე გატაცებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებს ასაჯაროვებს.
“დაკითხვის დროს ვ. გაფრინდაშვილმა განმარტა, რომ საზღვარზე სპეციალურად გადავიდა, რადგან აპირებდა მისვლას სოფელ მონასტერში არსებულ ეკლესიაში, თუმცა, ამასთან, ვერ შეძლო საუბარი თავის რელიგიურ შეხედულებებზე. გარდა ამისა, ვ. გაფრინდაშვილმა უარი თქვა ეპასუხა კითხვებისთვის პარტიულ კუთვნილებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ არის საქართველოს ნატოში სწრაფად გაწევრიანების მომხრე, საზღვრის გადაკვეთას აფასებს, როგორც საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლების – თავისუფლად გადაადგილების განხორციელებას, სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიად, ხოლო რუსეთს ქართული სახელმწიფოს მთავარ მტრად. ამასთან, ვ. გაფრინდაშვილის თქმით, ის, როგორც საქათველოს მოქალაქე, იტოვებს უფლებას აკრიტიკოს საქართველოს ნებისმიერი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და კანონიერი მეთოდებით მოითხოვოს ამა თუ იმ ნორმატიული აქტის შეცვლა” – აღნიშნავს ე.წ, КГБ.
“კარგად მომზადებულ და წინასწარ დაგეგმილ ხასიათს ატარებდა”- ასე ეხმაურებიან ისინი ექიმის საზღვარზე გადასხვლის ფაქტს. ასევე საჯაროვდება ვაჟა გაფრინდაშვილის სატელეფონო საუბარი, რომელშიც, მათი მტკიცებით, ექიმი ამბობს, რომ შაბათს და კვირას თბილისში არ იქნება.
“ქართული ოპოზიციის, მისი დასავლური კურატორებისა და ასევე, ოფიციალური თბილისის მცდელობები დაიწეროს პოლიტიკური ქულები ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეში, ასევე, თავისი შიდა რეიტინგის გაუმჯობესების მიზნით მოახდინოს ზეწოლა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაზე – უპერსპექტივოა”. – აცხადებს ე.წ. КГБ.