პირუტყვის დაკვლა სასაკლაოებში ძვირდება

2019 წლის მე-3 კვარტალში, საქართველოს მასშტაბით, 98 ცხოველთა და ფრინველთ სასაკლაო ფუნქციონირებდა. ამ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ასაჯაროვებს.
23.5 პროცენტი – ქვემო ქართლში, 15.3 პროცენტი – კახეთში, 12.2 პროცენტი – იმერეთში, 12.2 პროცენტი – შიდა ქართლში, 10.2 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 26.5 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.
„გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წლის მე-3 კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 135 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 28.1 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 71.9 პროცენტი-წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 714.0 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2019 წლის მე-3 კვარტლის განმავლობაში 10 090.0 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 35.7 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 39.4 პროცენტი – ფრინველის, 17.9 პროცენტი – ღორის, 6.8 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია,“- აღნიშნულია „საქსტატის“ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 889 კაცი შეადგინა.
ცნობისთვის, პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი : მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 24.9 ლარი, ცხვრის ან თხის – 10.7 ლარი, ხოლო ღორის – 22.8 ლარი. მაშინ როცა მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში – 23.9 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 8.4, ხოლო ღორის – 21.7 ლარი იყო.