საქართველოში შესაძლოა 25 წლამდე მოქალაქეთათვის აზარტული თამაშები აიკრძალოს

პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონი 25 წლამდე მოქალაქეთათვის აზარტულ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვასთან დაკავშირებით.
კანონპროექტის ავტორი ლევან გოგიჩაიშვილია.
მიზანი აზარტულ თამაშებში არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის გაუარესებისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებაა.
„კანონპროექტის მიღების ძირითადი მიზანია, სათამაშო ბიზნესის სფეროში არსებული სოციალური ფონის გაუმჯობესება. კერძოდ, ყველა სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას ექნება ვალდებულება, სათამაშოდ დაშვებამდე პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაამოწმოს ის დამოკიდებულ პირთა სიაში.
ასევე, პროექტის მიზანია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება და FATF და MONEYVAL-ის რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც გამოხატულია ნებართვის გაცემამდე ნებართვის მფლობელი ბოლო ბენეფიციარი პირის და მის ხელთ არსებული კაპიტალის გამოკვლევით,“ – იუწყება წყარო.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის ამოქმედების ვადად 2020 წლის 1-ელი სექტემბერია, რათა იზნეს ოპერატორებისთვის შესაძლებელი გახდეს ცვლილებებთან თავიანთი საქმიანობის მისადაგება.