დავით ზალკალიანმა ჟენევის მოლაპარაკების თავმჯდომარეებს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის ყველა საშუალების გამოყენება სთხოვა

დავით ზალკალიანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებს შეხვედრის შემდეგ მიმართა თხოვნით, რომ გამოიყენონ ყველა საშუალება ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.
შეცვედრაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედება სრულიად მიუღებელი და უკანონოა.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების კატეგორიული მიუღებლობა. განვიხილეთ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი და ის სამოქმედო გეგმები, რომელიც მაქსიმალურად ეფექტიანად მოგვცემს საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების საშუალებას. იმედი მაქვს, რომ პროცესი ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში ქართველი ექიმის გათავისუფლებით დასრულდება. ჩვენ ასევე განვიხილეთ საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილი კრიზისული ჰუმანიტარული ვითარება, რასაც ნათლად ადასტურებს მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება და თამარ გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე ვთხოვე თანათავმჯდომარეებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება საოკუპაციო ხაზზე უკანონო პროვოკაციების შეწყვეტისა და ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით“, – აღნიშნავს ზალკალიანი.
ცნობისთვის, გაეროსა და ეუთოს მხარეებმა აღნიშნეს, რომ ისინი ყველა ღონეს იხმარებენ პრობლემის მოსაგვარებლად.