დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდია განცხადებას აკეთებს

ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია „ინტერპრესნიუსთან“ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ბავშვები მეტად გახნილნი უნდა იყვნენ მშობლებთან და ეს ხელს შეუწყობს ისეთი უბედური შემთხვევების თავიდან აცილებას, როგორიც ხორავას ქუჩაზე დატრიალდა. მათ კი, ვინც აკრიტიკებს პასუხობს, რომ არაფერი იციან მის შესახებ და მონეტას ორი მხარე აქვს.
„მსურს, რომ ვკითხო საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომლებიც ნეგატიურად იყვნენ განწყობილები და უსაფუძვლო ბრალდებებს ისროდნენ ჩემ მიმართ, რა იცით ჩემს შესახებ იმის გარდა, რასაც აცხადებდნენ დაზარალებული და ამ საქმისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემით დაინტერესებული პოლიტიკოსები? მინდა დაფიქრდეთ და შეაფასოთ, რომ ის ინფორმაცია, რასაც თქვენ ჩემზე ფლობდით, იყო ცალმხრივი და შესაბამისად, ის დასკვნები, რაც თქვენ გამოგქონდათ, იყო ცალმხრივი და არაობიექტური. იმედი მაქვს, ყველასთვის ცნობილია, რომ მონეტას ორი მხარე აქვს.
ერთადერთი, რაც მაქვს სანანებელი, ის არის, რომ როდესაც მქონდა შანსი, მშობლები არ ჩავაყენე საქმის კურსში და ვიფიქრე, რომ ჩვენ, ბავშვები თვითონ შევძლებდით დალაპარაკებას მშვიდობიანად, რაც დიდი შეცდომა აღმოჩნდა.
ვფიქრობ, რომ არ ვარ იმ ასაკში და იმ გამოცდილებისა და ცოდნის პატრონი, რომ ჩემს თანატოლებსა და უმცროსებს რჩევა-დარიგებები ვაძლიო, მაგრამ გულით რისი თქმაც მინდა, ის არის, რომ მშობლებთან ვიყოთ გახსნილები და ისინი ჩვენი პრობლემების შესახებ ჩავაყენოთ საქმის კურსში. ეს აუცილებლად აღკვეთს იმ მრავალ პრობლემას, რომელიც მოზარდებს გვაქვს.
ძალიან ვწუხვარ, რაც მოხდა. მაგრამ სამწუხაროდ, არაფრის შეცვლა არ შემიძლია. რომ შემეძლოს, აუცილებლად ყველაფერს ვიზამდი, რასაც შევძლებდი, რათა თავიდან ამეცილებინა დამდგარი შედეგი.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ტრაგედია გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა გამოიყენეს თავის სასარგებლოდ და ამ შემზარავ დამდგარ შედეგს პოლიტიკური ელფერი შესძინეს. ამისთვის გამომიყენეს მე, ადამიანი, რომელიც დუმდა და საზოგადოებაში არ საუბრობდა თავის პოზიციაზე. გავლენიანმა პოლიტიკოსებმა ხალხს დააჯერეს, თითქოს მე დამნაშავე ვარ და მაღალჩინოსნების მფარველობის ქვეშ ვიმყოფები, რაც ძალიან დიდი ტყუილია. ამ საზოგადოებრივი წნეხიდან გამომდინარე, პროკურატურამ წარმოადგინა გაუგებარი, დაუსაბუთებელი ბრალი და 19 წლის ასაკში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური პატიმარი ვარ“ – აცხადებს კალანდია „ინტერპრესნიუსთან“.