კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს – მიხეილ ჩხენკელი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს. სხდომის დასრულების შემდეგ ჩხენკელმა თქვა, რომ სპორტი დაკავშირებულია სკოლასთან, ამიტომ კულტურასა და მას შორის განსხვავებული ბმაა.
„გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს, შემიძლია ჩემი პოზიცია გითხრათ, რომ კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე. როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება, გეცნობებათ. რასაკვირველია, მჭიდრო კავშირშია ეს სფეროები ერთმანეთთან, მაგრამ გამოყოფის შემდეგაც, მინდა დაგარწმუნოთ, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრო კულტურის მიმართულებასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობას შეინარჩუნებს. რაც შეეხება სპორტს, ეს პირდაპირ დაკავშირებულია ახალგაზრდობის საკითხებთან, ანუ, მასობრივი სპორტი ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია სკოლებისთვის, ასევე მინდა აღვნიშნო განსაკუთრებული მნიშვნელობა საუნივერსიტეტო სპორტის, შესაბამისად, სპორტის ჩართულობა განათლების სისტემაში და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ძალიან მნიშველოვანია და აქ არის მნიშვნელოვანი ლოგიკური ბმა სისტემებს შორის. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე”, – აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.