პრემიერ-მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტარები სრულიად გაიაზრებენ პასუხისმგებლობას, რომელიც ქვეყნის წინაშე აქვთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ თითოეული პარლამენტარი, როდესაც მიიღებს მონაწილეობას საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრაში, სრულად გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას გააჩნია ქვეყნის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე.
„მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ პოზიცია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის კეთილი ნება და გადაწყვეტილება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იყო გამოძახილი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების დასაჩქარებლად. აქ არაფერი არ შეცვლილა.
ჩვენ ვრჩებით ისევ იმ პოზიციაზე. იმედი მაქვს, რომ თითოეული პარლამენტარი, როდესაც მიიღებს მონაწილეობას ამ კენჭისყრაში, სრულად გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას გააჩნია ქვეყნის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პასუხისმგებლობა ყველას სრულად ექნება გააზრებული”- ამბობს საქართველოს პრემიერი.