საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები იგეგმება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას წელს 20-22 მლნ ლარი აკლდება, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური ავრცელებს.
მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დეკემბერში 44 მილიონი ლარი დაიხარჯება საყოველთაო ჯანდაცვაზე, საიდანაც დანაკლისი 22-მილიონ ლარამდე იქნება, რომელიც სხვა პროფიციტული პროგრამების ბიუჯეტიდან შეივსება.
“დეკემბერში გადასარიცხი გვაქვს 44 მილიონი ლარის ოდენობით თანხა, სადაც დაახლოებით 20-22 მილიონი ლარი იქნება დეფიციტი, რომელიც შეივსება ანალოგი პროგრამებიდან, ეს იქნება ვერტიკალური პროგრამები, სადაც გვექნება პროფიციტი, იქიდან მოვახერხებთ გადავსებას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის და წელს ამით დავასრულებთ“, – ამბობს წოწკოლაური.
ცნობისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში წელს ცვლილებები ეგეგმება. კერძოდ, ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრება მოხდება და სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც სელექტიური გზით, იქნებიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ვალდებულების იქნებიან, რომ ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით.