დავით ბაქრაძე ქვეყანაში არეულობას აანონსებს

დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თუ არ მოხდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ოპოზიცია საზოგადოებასთან ერთად ამას მწვავედ გააპროტესტებს. „ევროპული საქართველოს“, ე.ი. „ნაცების“ კიდევ ერთი ფრთის ლიდერი ქვეყანაში მორიგ არეულობას „უკიდურესად ტადიკალური მიმართვებით“ აანონსებს.
„ეს პროცესებს მთლიანად გადაიყვანს რადიკალიზაციისკენ ქუჩის კალაპოტში. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის „ევროპული საქართველოს” განზრახვა და ჩვენი ამოცანაა სწორედ საარჩევნო სივრცეში და საარჩევნო გზით დავამარცხოთ „ქართული ოცნება”. ბურთი ახლა არის „ქართული ოცნების” მხარეს და ეს არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, ვინაიდან, ვიმეორებ, თუ ისინი გადაუხვევენ მიცემულ სიტყვას, თუ არ მოხდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, მაშინ ოპოზიციას, საზოგადოებას, მოქალაქეებს, სხვა გზა არ ექნებათ, თუ არა ქუჩაში გამოსვლა და პროცესები წავა უკიდურესად რადიკალური მიმართულებით. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და თუნდაც თვითგადარჩენის ინსტიქტი, რომ არ დაუშვას ასეთი განვითარება და დღეს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება პირველ მოსმენაზე, ისევე როგორც ყველა მოსმენაზე” – ამბობს ბაქრაძე.
რა თქმა უნდა, ჩვეულებრისამებრ, ბაქრაძე, ისევე როგორც სხვა მისი თანამებრძოლები. ყველაფერს „ქართულ ოცნებასა“ და ივანიშვილს აბრალებს.
„აზრთა სხვადასხვაობა მმართველ გუნდში შეიძლება არსებობდეს ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლიანობა ქვეყნის წინაშე განისაზღვრება იმით, რომ ასეთი ფუნდამენტური დაპირება უნდა შესრულდეს. „ქართულმა ოცნებამ” გუშინ კიდევ ერთხელ გამოაჩინა ერთი მხრივ პოლიტიკური უმწიფრობა და მეორე მხრივ ის, რომ მათი კერძო ინტერესები და პარლამენტში მოხვედრა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოებისთვის მიცემული სიტყვა, ამ ქვეყანაში სტაბილურობა და ნორმალური განვითარება”, – აცხადებს ბაქრაძე.