უმრავლესობის სხდომა ხმაურით დასრულდა

“ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა. მას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვამნელობდა. სხდომა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკავშირდებოდა. მისი ჩანიშვნა 12 ნოემბერს კანონპროექტის პირველი მოსმენის უშედეგოდ და ხმაურით დასრულების გამო გახდა საჭირო.

რევაზ არველაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით აზრი არ შეუცვლია და ის ემხრობა ცვლილებას.

ცვლილებას ემხრობა ასევე ოპოზიციას.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებსს, რომ თუ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ვერ მოხერხდა, ოპოზიციას და მოქალაქეებს სხვა გზა არ ექნებათ, თუ არა ქუჩაში გამოსვლა. ამ პროცესებს კი რადიკალურს უწოდებს.

გიორგი ვაშაძის თქმით: „2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ან ისეთ ქუჩას მივიღებთ, რომელიც არ უნახავთ“.

„იმდენად მნიშვნელოვანია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რომ განსხვავებული პარტიების ლიდერები ვერთიანდებით – ხელისუფლებას ვურჩევ, დაფიქრდეს“ – აცხადებს ბესელია.

ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ხელისუფლებისადმი ოპოზიციის მოწოდებაა, რომ დაპირება შესრულდეს, ამავდროულად, გაფრთხილებაა იმ დეპუტატების, რომლებიც ახლა ვაჭრობენ.

ვაჭრობაში ძირითადად ოცნების მაჟორიტარი დეპუტატები არიან ჩართული. უმრავლესობის რამდენიმე წევრი, დაჩი ბერაია, ირაკლი შიოლაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტიის დატოვებით იმუქრებიან. საუბარია იმაზე, რომ მაჟორიტარების რიგიდან კიდევ 17 დეპუტატია იმავე განწყობაზე.

დიმიტროი ხუნდაძემ უკვე აღნიშნა, რომ ზეწოლის შემთხვევაში ის პატიას დატოვებს. მისი კოლეგა კახა ოქრიაშვილი კი ამბობს, რომ ივანიშვილი სხდომაზე სწორედ ხუნდაძეზე ახდენდა ზეწოლას.

„ხუნდაძეზე იყო სერიოზული ზეწოლა, მაგრამ მან განაცხადა, რომ მისი პოზიცია არ შეიცვლება. მომხრეებიც მრავლად არიან, მაგრამ მაგალითად, ოთარ ჩრდილელმა რომელიც არ არის მაჟორიტარი დეპუტატი დააფიქსირა, რომ არ არის მომხრე ამ სისტემაზე გადასვლის. დაახლოებით როგორც ვვარაუდობ, 20-მდე ადამიანია ან ცოტა მეტი ვინც არ ემხრობა ახალ საარჩევნო სისტემას, უფრო სწორად მოძველებულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას” – ამბობს ოქრიაშვილი. აღსანიშნავია, რომ ის არ არის „ოცნების“ წევრი და მასზე ზეწოლა არ ყოფილა.

თავად უმრავლესობა კი აზრს არ იცვლის. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უმრავლესობა სისტემის ცვლილებას მისცემს ხმას, ამავეს აცხადებს გია ვოლსკი.

სხდომა ოცნების ოფისში დასრულდა. ახლა კი ჯერი საკანონმდებლო ორგანოზეა, რომელმაც გუშინ ფაქტობრივად ჩაშლილი მოსმენა უნდა აღადგინოს. შესაბამისად, დღეს მოსალოდნელია ასევე დიდი ხმაური და ოცნების პარტიის რიგებიდან რამდენიმე დეპუტატის გასვლაც.